გამოგვიწერეთ

ნაკრები

ბორჯღალოსნები სამოასთან რევანშისთვის ემზადებიან

გააზიარეთ

მონტევიდეოში ურუგვაისთან 41:34 გამარჯვების შემდეგ, ბორჯღალოსნები ჩილეში ჩავიდნენ და მსოფლიო რაგბის ერთა თასის მეორე ტურის შეხვედრისთვის ემზადებიან.

პიერ-ანრი ბრონკანის შეგირდები 11 ივლისს, საქართველოს დროით 23:00 საათზე სამოას შეერკინებიან.

თამაში „საუსალიტო სთედიუმზე“ გაიმართება, რომელიც 1929 წელს აშენდა და 2015 წელს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. მრავალფუნქციური სტადიონი 21 754 მაყურებელს იტევს და ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის, ევერტონის საშინაო არენაა. 1962 წელს „საუსალიტო სთედიუმზე“ საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის რვა მატჩი გაიმართა. მანვე უმასპინძლა 1991 და 2015 წლების კოპა ამერიკას თამაშებს.

სამოა კვირაზე მეტია ჩილეში იმყოფება. ერთა თასის პირველ ტურში სანტიაგოში ჰონკონგს შეხვდა და 66:19 დაამარცხა. სამოამ მეტოქეს 10 ლელო გაუტანა და რვა გარდასახვა შეასრულა, თავად კი სამი ლელო გაუშვა.

საქართველოს სამოას წინააღმდეგ აქამდე ექვსჯერ უთამაშია, საიდანაც სამში გამარჯვება მოიპოვა, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ორში კი კუნძულელებმა იმარჯვეს.

სამოას პირველად ჩვენთვის სადებიუტო, 2003 წლის მსოფლიო თასზე, ავსტრალიაში შევხვდით და მეტოქემ დიდი უპირატესობით, 46:9 იმარჯვა; მეორედ სამოას 2013 წელს „მიხეილ მესხზე“ შევერკინეთ და იმხანად მსოფლიო რეიტინგში მეშვიდე ადგილზე მყოფ გუნდთან ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ – 16:15; 2016 წელს სამოას კუნძულებზე ვეწვიეთ და ფრედ, 19:19 ვეთამაშეთ; ამის შემდეგ სამოელები სამჯერ ჩამოვიდნენ საქართველოში და ორჯერ მოვუგეთ: 2016 „მიხეილ მესხზე“ 20:16 ვაჯობეთ; 2018 წელს კი, 27:19 გავიმარჯვეთ; ბოლო თამაში კი კუნძულელთა გამარჯვებით დასრულდა – 20:19. შედეგად, ჩვენებს ბოლო მარცხისთვის რევაში აქვთ ასაღები.

მოცემული მომენტისთვის სამოა მსოფლიო რაგბის რეიტინგში 66,90 ქულით მე-18 ადგილზეა, საქართველო კი, 72,67 ქულით, მე-13 პოზიციაზეა.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები