გამოგვიწერეთ

ნაკრები

უმცროსი ბორჯღალოსნები და ტრადიციული მეტოქე

გააზიარეთ

უმცროსი ბორჯღალოსნები ქუთაისში გაემგზავრნენ, სადაც 2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით ორ თამაშს გამართავენ.

„აია არენაზე“ ვიტო კოლელიშვილის შეგირდები პირველ თამაშს 13 ივლისს, 18:00 საათზე იტალიასთან გამართავენ. გამარჯვებული გუნდი მეცხრე ადგილისთვის ირლანდიასა და ფიჯის შორის გამარჯვებულს შეერკინება, დამარცხებული ზემოთნახსენებ წყვილს შორის წაგებულს დაუპირისპირდება.

განვლილი გზა

საქართველომ მიმდინარე ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ტურში „ავჭალაზე“ უელსს მხოლოდ ერთი ქულით, 24:25 ჩამორჩა; მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას კი – 5:33; ნუგეშად ურუგვაის ბონუსით, 56:3 სძლია და ჯგუფური ეტაპი შვიდი ქულით დაასრულა.

იტალიამ ჯგუფურ ეტაპზე „აია არენაზე“ ითამაშა და პირველ ტურში შოტლანდიასთან 32:38 დამარცხდა; მერე იაპონიას 41:25 აჯობა; ბოლოს კი ახალ ზელანდიასთან ვერაფერს გახდა 15:45 და B ჯგუფი ასევე შვიდი ქულითა და მესამე ადგილზე დაასრულა.

ჩვენ და იტალია

მას შემდეგ, რაც უმცროსი ბორჯღალოსნები ახალგაზრდულ ჩემპიონატზე აღზევდნენ (2016 წლიდან), იტალიელებს ექვსჯერ შეხვდნენ და ოთხ მატჩში გამარჯვება მოიპოვეს, ერთხელ ფრეს დასჯერდნენ, ერთხელ კი მეტოქემ იმარჯვა. ექვსი მატჩის ჯამში, ჩვენმა გუნდმა იტალიას 136 ქულა (20 ლელო, 12 გარდასახვა, 4 ჯარიმა) გაუტანა, თავად კი 112 ქულა (14 ლელო, 12 გარდასახვა, 6 ჯარიმა) გაუშვა.

მომავლის ჭრილში

ქართულ-იტალიური სარაგბო დაპირისპირებების ფონზე, ამ გუნდების შეხვედრა მუდამ განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებდა და გამონაკლისი არც 13 ივლისის შეხვედრა იქნება. აღსანიშნავია, რომ 2027 წლის კაცთა მსოფლიო თასზე, საქართველო და იტალია ერთ ჯგუფში არიან. არ არის გამორიცხული, რომ ორივე გუნდის შემადგენლობაში, დღევანდელი 20-წლამდელებიდან მოთამაშეები დაწინაურდნენ და ეს ჯახი ამითაცაა საინტერესო.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები