
ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირი – ერთა თასი გამარჯვებით დაიწყეს. ურუგვაის მონტევიდეოში დაძაბულ ბრძოლაში 41:34 ვაჯობეთ და სატურნირო ცხრილის სათავეში მოვექეცით, რადგან ოთხ ქულასთან ერთად, ოთხი ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც ჩავიწერეთ.
თამაში ორმხრივი შეცდომებით დაიწყო, მაგრამ ხშირად ვჯარიმდებოდით, რითიც ურუგვაიმ ისარგებლა, ჩვენს 22-ში მარტივად შემოვიდა, მოლი ააგორა და მთავარმა მსაჯმა კრეიგ ევანსმა, ვიდეო-რეფერისთან კონსულტაციის შემდეგ ლელო დააფიქსირა.
ამის შემდეგ საქართველომ თამაშზე კონტროლი დაამყარა და პირველ ტაიმში ზედიზედ 20 უპასუხო ქულა მოიხვეჭა: საპასუხო ლელო მე-15 წუთზე გავიტანეთ – მორკინალების მიძალების შემდეგ, ლუკა მატკავამ ცრუმოძრაობით ორი მცველი უსაქმოდ დატოვა და თავისივე ლელო გარდასახა; მატკავამ ლელოს მალევე ჯარიმაც მიაყოლა; მერე მოლით ერთხელაც შევუტიეთ, რომელმაც ღერძი იცვალა, ნიკოლოზ სუთიძემ დრო იხელთა და პირველი სანაკრებო ლელო გაიტანა; მატკავამ გარდასახვას კიდევ ერთი ჯარიმა მიაყოლა და თამაშში ყველაზე დიდი სხვაობით, 15 ქულით დავწინაურდით.
შესვენებამდე ურუგვაიმ ჩამორჩენა ჯერ ჯარიმით შეამცირა, ზედ შესვენების წინ კი ალამთან მეორე ლელო გაგვიტანა და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. ტაიმი 20:15 მოვიგეთ.
მეორე ტაიმი კაცნაკლულებმა დავიწყეთ, რადგან ურუგვაელთა ბოლო ლელოს დროს დავით ნინიაშვილი გაგვისინბინეს. ამით მასპინძლებმა ისარგებლეს, მოლის შემდეგ ბურთი ხაზზე გაიტანეს და ლელო ძელებსშუა დაამიწეს. გარდასახვის შემდეგ ურუგვაი მეორედ დაწინაურდა; თუმცა, ჯერ კიდევ კაცნაკლულმა ბორჯღალოსნებმა შეტევაში, მეტოქის 22-ში დიდი დრო გაატარეს, ხშირი ჯარიმების ფონზე, სინბინით ურუგვაელებიც დაისაჯნენ.
მეტობაში უკეთ ვითამაშეთ: კარის წინ ხუთ მეტრში, ჯარიმის ნაცვლად აღებული შერკინებიდან თორნიკე ჯალაღონიამ შეუტია და ლელო გაიტანა, რომელიც მატკავამ გარდასახა; 66-ე წუთზე კი, კარგი მოლით შევუტიეთ, რომელსაც „ტეროსმა“ ვერაფერი დაუპირისპირა და საჯარიმო ლელოსთან ერთად, სინბინითაც დაისაჯა; ურუგვაი არ გატყდა, 70-ე წუთზე ფრთაზე ფეხით ბურთი რისკიანად გადაკიდა, ოვალი მოედნიდან მასპინძელთათვის სასურველი ტრაექტორიით ასხლტა. ლელოს კი, რთული პოზიციიდან ზუსტი გარდასახვა მოყვა, რამაც მასპინძლები თამაშში დააბრუნა; 77-ე წუთზე რომა მახათაძემ ხაზი გაჭრა და ლელოში მიხეილ ალანია შეუშვა. ძელებსშუა დამიწებული ლელო მატკავამ გარდასახა, რასაც ურუგვაის მხრიდან გაწითლებულ დროზე ერთი საპასუხო ლელო მოყვა, თუმცა ამან ბორჯღალოსნებს დამსახურებულ გამარჯვებაში ხელი ვერ შეუშალა – 41:34.
ოთხი ლელოს გატანისა და შვიდ ქულით სხვაობით მარცხისთვის, ურუგვაის ორი ბონუს ქულა ერგო.
ერთა თასის პირველი ტურის დანარჩენი შეხვედრები ასე დასრულდა: სამოა-ჰონკონგი 66:19; ჩილე-რუმინეთი 48:31; ტონგა-ზიმბაბვე 36:26; კანადა-ესპანეთი 42:42; აშშ-პორტუგალია 30:29.
ბორჯღალოსნები, ახლა ჩილეში გადაინაცვლებენ, სადაც 11 ივლისს სამოას შეერკინებიან.
იხილე მეტი
-
წყალბურთი
/ 16 წამი agoსაქართველომ OTP თასი ბოლო ადგილით დაასრულა
გააზიარეთსაქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის ემზადება. რევაზ ჩომახიძის გუნდი უნგრეთში OTP თასზე მონაწილეობდა და...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 2 საათის agoბორჯღალოსნებმა ერთა თასი მოგებით დაიწყეს
გააზიარეთბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირი – ერთა თასი გამარჯვებით დაიწყეს. ურუგვაის მონტევიდეოში დაძაბულ ბრძოლაში...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ჩოგბურთი
/ 2 საათის agoმარიამ ბოლქვაძე: მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის
გააზიარეთქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ჩვენებურთაგან ერთადერთი იყო, ვინც 2026 წლის უიმბლდონის ძირითად ბადეში გააღწია....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი