
დღეს გერმანიის ბუნდესლიგა მთავრდება. ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმს უმთავრესი ამოცანა აქვს გადასაჭრელი. ჩვენებურის გუნდი მაინცს უმასპინძლებს და აუცილებლად გამარჯვება სჭირდება. თუმცა, ჰაიდენჰაიმი მარტო საკუთარ თავზე არ არის დამოკიდებული – ერთმანეთს ხვდებიან კონკურენტებიც: ზანკტ პაული ვოლფსბურგს დაუხვდება, სტუმართა მოგებით ჰაიდენჰაიმი გავარდება, სხვა შემთხვევაში კი, ფლეი ინში გადავა.
ბუნდესლიგის ვებ-გვერდზე 32 წლის ქართველ თავდამსხმელთან ინტერვიუ გამოაქვეყნდა.
_ რამდენიმე კვირის წინ ისე ჩანდა, რომ ჰაიდენჰაიმი გავარდნისთვის განწირული იყო, მაგრამ წარმატებულმა სერიამ ბოლო ტურის წინ შანსი გააჩინა. ეს როგორ მოახერხეთ?
_ ბოლომდე ვინარჩუნებთ პოზიტიურ განწყობას. მთელი ყურადღება საკუთარ თამაშზე, გამარჯვებასა და ბოლომდე ბრძოლაზე გვაქვს გადატანილი. ვფიქრობ, ამის წყალობით, ვინარჩუნებთ დარჩენის შანსს.
_ როგორ ხვდება გუნდი მაინცთან გადამწყვეტ თამაშს?
_ როგორც ბოლო რამდენიმე მატჩში მოხდა, ამჯერადაც ერთ მუშატ შეკრულები ვითამაშებთ. განვლილ მატჩებში ეს კარგად გამოგვივიდა. განსაკუთრებით – კიოლნში (ჰაიდენჰაიმმა 3:1 მოიგო) კარგი თამაში გამოვიდა. იმედი მაქვს, მაინცთანაც იგივე განმეორდება. ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით, რომლებიც ყოველთვის მთელი გულით თამაშობენ და ბოლომდე იბრძვიან.
_ ბოლო კვირებში გუნდის ბრძოლისუნარიანობა ძალიან თვალსაჩინო იყო. საიდან მოვიდა ეს მუხტი?
_ ჯერ კიდევ ჩემს მისვლამდე ჩანდა, რომ გუნდში არასდროს ნებდებიან. ვფიქრობ, მათგან ეს მეც გადავიღე. მსგავსი განწყობა უწინაც მქონდა, მაგრამ ახლა ამას უფრო ძლიერად ვგრძნობ. ჩემი აზრით, ამ ყველაფერში დიდი დამსახურება მწვრთნელს, ფრანკ შმიდტს მიუძღვის. ის ყოველთვის თავდაჯერებულია. მნიშვნელობა არ აქვს, ბაიერნის წინააღმდეგ ვთამაშობთ, ლევერკუზენთან თუ დორტმუნდთან, მას ყოველთვის გამარჯვება სურს და ეს ჩვენი მენტალიტეტია. ჩემს უწინდელ კლუბებში მსგავსი მენტალიტეტი არასდროს შემიმჩნევია.
_ თქვენთვის რამდენად განსაკუთრებული იყო ბაიერნთან (3:3) მიუხნენში გამართული მატჩი, რომელშიც დუბლი შეასრულეთ, თამაშის მიწურულს კი გოლი გაუშვით?
_ ეს დაუჯერებელი რაღაც იყო. ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი გრანდების წინააღმდეგ თამაშზე, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ისეთ სტადიონზე, როგორიც „ალიანს არენაა“, ორ გოლს გავიტანდი. ეს არაჩვეულებრივი გრძნობა იყო. ალბათ იხილეთ, როგორ ვზეიმობდით მეორე გოლის შემდეგ. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღე იყო, რადგან სტადიონზე მთელი ჩემი ოჯახი იმყოფებოდა. ისინი ამ მატჩზე დასასწრებად საგანგებოდ ჩამოფრინდნენ საქართველოდან და წარმოუდგენელი გრძნობა იყო, მათ წინაშე ორი გოლის გატანა.
_ როგორ აფასებთ ჰაიდენჰაიმის შანსებს მაინცთან?
_ კარგი გუნდია და კარგ ფეხბურთს აჩვენებს. იოლი არ იქნება, მაგრამ ვინაიდან საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობთ, შანსი მეტი გვექნება. ჩვენი ფანები არასდროს ნებდებიან და ყოველთვის მხარს გვიჭერენ. ვფიქრობ, წინ გიჟური შაბათი გველის. დრამას ველოდები. მახსოვს, როდესაც დორტმუნდს ტიტულის მოგების შანსი ჰქონდა, მაინცს ეთამაშა, გამარჯვება ხელიდან გაუშვა და ფრეს დასჯერდა. ჩვენ არა ტიტულისთვის, არამედ ბუნდესლიგაში დარჩენისთვის ვიბრძვით. თავად ყველაფერს გავიღებ კლუბისთვის, რადგან უმაღლეს დივიზიონში ყოფნას იმსახურებს.
_ ეს მატჩი უმნიშვნელოვანესია თქვენს კარიერაში?
_ ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო შეხვედრაში ვითამაშე და ვფიქრობ, სწორედ ის იყო ჩემთვის უმთავრესი მატჩი. როდესაც შენი ქვეყნისთვის თამაშობ, განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესია. მაგრამ ეს მატჩიც არანაკლები მნიშვნელობისაა, რადგან ძალიან ღირებულია კლუბისთვის, ქალაქისთვის, ყველასთვის. ვფიქრობ, რომ ეს ფეხბურთელებს კარგად ესმით და შაბათისთვის მზად ვართ.
_ რას იტყოდით ნაკრებში თქვენს თანაგუნდელ ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელმაც ახლახან გადამწყვეტი როლი შეასრულა პსჟ-ის ბაიერნთან გამარჯვებასა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაში?
_ ის საუკეთესო ფეხბურთელი იყო მოედანზე ორივე ნახევარფინალში და ფინალშიც ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. ჩვენ ძალიან ვამაყობთ მისით. საქართველოში ბევრმა ფეხბურთელმა, რომელთა შორის მეც ვარ, ირწმუნა საკუთარი თავის, როდესაც დაინახა, რომ ჩვენისთანა პატარა ქვეყნის შვილს ამ დონეზე შეუძლია თამაში. და გაიფიქრა: მეც ვცდი, რატომაც არა?!
იხილე მეტი
-
ლეგიონერები
/ 1 საათის agoბუდუ ზივზივაძე: ქვეყნისთვის თამაში განსაკუთრებულია
გააზიარეთდღეს გერმანიის ბუნდესლიგა მთავრდება. ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმს უმთავრესი ამოცანა აქვს გადასაჭრელი. ჩვენებურის გუნდი მაინცს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 3 საათის agoსუპერლიგია ფინალში ბათუმი და თსუ ითამაშებენ
გააზიარეთდასრულდა საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალები. ფინალში გასულმა გუნდებმა სერია ერთნაირი ანგარიშებით დახურეს. ორბი-თსუ 71:96 (16:26;...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 2 დღის agoზურიკო დავითაშვილი: ყველაფერი ჩვენს ხელშია
გააზიარეთსენტ ეტიენი ლიგა 1-ის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის. გუნდმა ეს პირდაპირ ვერ მოახერხა და ამის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი