გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

თემურ ქეცბაია: თამაშის ჩაშლა მინდოდა

გააზიარეთ

UEFA-ს კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის დინამომ ჟალგირისთან სტუმრად 2:7 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

ამ მატჩზე ბევრი ითქვა და ბევრი დაიწერა, მაგრამ ყველაზე საინტერესო დინამოელთა მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას საუბარი იქნებოდა. ეს დღეს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მოხდა, სადაც ქეცბაია მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

თემურ ქეცბაია:

„ჟალგირისთან თამაშზე საუბარი ცოტა დაგვიანებულია. ეს საუბარი ვილნიუსში უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე მოხდა და თბილისში მიწევს. რაც მოხდა ყველასთვის და ჩემთვისაც მიუღებელია. მიზეზი ბევრია. ამაში დამნაშავეები ჩვენც, და, ისიც, თუ რა მდგომარეობაშია ქართული ფეხბურთი. ფაქტია, სათანადოდ ვერ მოვემზადეთ. როგორ მწვრთნელი, ყველაზე მეტად ვარ პასუხისმგებელი და ვიღებ კიდეც ამ პასუხისმგებლობას. შევეცადეთ ეს დღეები უკან მოგვეტოვებინა. ახლა ჩვენი მიზანია მომავალზე ვიფიქროთ…

გიორგი ლორია არ გამიგდია. ვუთხარი, რომ იმ თამაშის მერე პირველ მეკარედ აღარ განვიხილავდი და მეტი შანსი არ მიეცემოდა. ვუთხარი დაელაპარაკა ხელმძღვანელობასთან და რა გადაწყვეტილებასაც ისინი მიიღებდნენ, იმის მიხედვით გავაგრძელებდით ურთიერთობას. ლორია პირველ ნომრად აღარ განიხილება. ყველამ იცით, რა უერთიერთობა მაქვს მასთან და ამ წაგებას ვერ დავაბრალებ. ლორია არის ნაკრებისა და დინამოს ბრწყინვალე წარსული, მაგრამ ახლა მომავალზე უნდა ვიფიქროთ და შანსი ახაგლაზრდა მეკრეებს მივცეთ. მინდა, წინ გავიხედოთ. სამწუხაროდ, ლორია დინამოს მომავალი არ არის. გიორგი მისი გასაკეთებელი გააკეთა, მაგრამ 40 წლის მეკარე ან გუნდის წამყვანი უნდა იყოს ანაც მესამე თუ მეოთხე მეკარე. სიმართლე გითხრათ, არც მისით ვარ კმაყოფილი და არც სხვა ბევრი ფეხბურთელით…

ჟალგირისთან დაცვაში პრობლემები გვქონდა, ტრავმირებულები გვაყვდა და ცვლილეების გაკეთება მოგვიწია. მანამდე ძალიან რთული შეხვედრა გვქონდა გურიასთან – ცუდ მინდორზე, ცუდ ამინდში, გზაში ექვსი საათი იქით და ამდენივე უკან, რამაც იმოქმედა ჩვენზე. ასევე ცუდი იყო, რომ ხელოვნურ საფარზე ვითამაშეთ. ერთადერთი გამოსავალი იყო, მინდორზე შევვარდნილიყავი და თამაში ჩამეშალა…

ჩასაფრებულები ასეთ მარცხს ელოდებიან, რათა ბოღმა და შური გადმოაფრქვიონ. სამი თვეა აქ ვარ და სულ ვამბობ, მოდით სტადიონზე, დაეხმარეთ გუნდს და 2 000 კაცი ვერ შევკრიბეთ. პირველ მატჩში იმდენი გულშემატკივარი რომ მოსულიყო სტადიონზე რამდენიც ჟალგირისს ჰყავდა, ექვს გოლს ალბათ ჩვენც გავიტანდით. ცუდია, რომ ასეთ მომენტს ელოდებიან ადამიანები, რომ მიწასთან გაგვასწორონ. წაგებული თამაშის მერე 1.5 მილიონი კაცი გვაგინებს, თუ ამდენ კაცს შესტკივა გული ჩვენს ფეხბურთზე, 1% მაინც მოვიდეს სტადიონზე…

ძალიან მიხარია, რომ იბერიას თამაშები გადაიდო. ასეთ დროს კარგი იქნება, თუ ფედერაცია მიიღებს გადაწყვეტილებას და საჭირო არ იქნება გუნდების შეთანხმება. სხვა ქვეყნებში ყოველ მეორე-მესამე დღეს თამაშობენ, ჩვენ ეს არ შეგვიძლია. ამის ძალ-ღონე არ გვაქვს. ეს ვილნიუსშიც გამოჩნდა. პირველი ტაიმის მერე 1:1 იყო, ოთხი გოლი არ უნდა გაგვეშვა, მაგრამ არ ვართ იმ სიტუაციაში, საქმე ბოლომდე მიგვეყვანა. ეს თავის მართლება არ არის, ეს ფაქტია. კარგი იქნება, თუ უკეთესი მომზადების საშუალება გვექნება. ჩემპიონატის ფორმატი იმის გამო შეიცვალა, რომ ევროტურნირებზე კარგად გვეთამაშა და თამაშის გადადება პრობლემა არ უნდა იყოს. სამწუხაროა, ეს ვერ შევძელით…

ფიფიას დინამოში ასობით მილიონი აქვს ჩადებული. იმის ნაცვლად, რომ ფიფიას მსგავს ხალხს ფეხბურთში ფულის ჩადება ვთხოვოთ, გვინდა, ისიც არ იყოს. თუ ვინმეა დამნაშავე, ეს მე ვარ. მარტო ის მამშვიდებს, რომ ჩემპიონობის შანსი გვაქვს. სეზონის დასრულების შემდეგ, დავჯდებით და ვისაუბრებთ. თუ ჩვენი მიზნები ერთმანეთს დაემთხვევა, ურთიერთობას გავაგრძელებთ…

ალბათ, უფრო მეტი ფეხბურთელი უნდა მოგვეყვანა, მაგრამ ისიც გვინდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსი მივცეთ. თუმცა, კვარაცხელიასა და კაკაშვილს გუნდის ლიდერობას ვერ მოვთხოვთ. 75 წუთიდან რა მოხდა, ესეც აუხსნელია. ასეთი რამ ზოგადად არ ხდება. 0:3 წაგებული თამაშის მერე, იქ ჩასულ გუნდს, გულშემაკტივრის უფრო შემეშინდა, ვიდრე მეტოქის. სამწუხაროდ, ჩვენ ამას მოკლებული ვართ…

აქ რომ მოვედი, არ მეგონა, რომ სამ თვეში ამ სიტუაციაში ვიქნებოდით. გუნდი მერვე ადგილზე იყო და ახლა ჩემპიონობისთვის ვიბრძვით. ვილნიუსში წაგებამ ის ყველაფერი წაგვიშალა, რაც გაკეთებული გვქონდა, თუმცა, სჯობს მომავალზე ვიფიქროთ. ჩემთვისაც ძალიან მტკივნეულია, რომ ჩემს გუნდს ასე დაემართა. ბიჭებიც ასე იყვნენ. თავი უნდა ავწიოთ და დავამტკიცოთ, რომ ჩემპიონობა შეგვიძლია. ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა, ამისთვის ვმუშაობთ ახლა. როცა მოვედით, ვთქვით, რომ გვინდა დინამო ისევ ქვეყნის ფლაგმანი და საქართველოში ყველაზე პოპულარული კლუბი გამხდარიყო. სამწლიანი კონტრაქტი მაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ სამ წელს გავეკიდები. დასრულდება სეზონი, შევაჯამებთ და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ…

როცა გუნდისთვის არაფერი გაგიკეთებია, არ შეიძლება კლავიატურასთან დაჯდე და ბოღმა ანთხიო. უფრო მეტ პასუხისმგელობას იგრძნობს ყველა, როცა სტადიონზე ივლის. ვილნიუსშიც 90 წუთი მთელი სტადიონი ფეხზე იდგა…

ჩვენი ჩემპიონატის დონე? პირველი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი და ის დონე, რაც მაშინ იყო, ალბათ, დიდი ხანი აღარ გვეღირსება. მაგრამ იცით, სად წავედი? კვიპროსზე, მოყვარულებში. ჩვენ თუ ჩვენით გავედით ევროპაზე, მერე აღარ დაგვჭირდება არავის მოსვლა. ფიფიას 200 მილიონი აქვს ჩადებული, ეცი ამ კაცს პატივი და მოდი სტადიონზე. მილიარდს რომ აკეთებ, ხო შეიძლება, სპორტში 10 მილიონი ჩადო. მაინცდამაინც ისე უნდა გაიძულონ, როგორც რუსეთში ხდება?

ზოგიერთი დინამოში იყო და არაფერი გაუკეთებია. რომ წავიდნენ, მერე გახდა ფიფია ცუდიდ ა მერე გადმოაგდეს ენა. მათ შორის, ზოგიერთმა ჟურნალისტმაც. პირდაპირი ადამიანი ვარ და ყოველთვის ყველაფერს ვამბობ. ლანძღვა-გინება მაგრად შეგვიძლია, საოცრებაა, 21 საუკუნე როგორ გავძელით. ალბათ, ღმერთმა მოგვიყვანა აქამდე, თორემ ლოგიკურად, როგორც ერი, დიდი ხნის წინ უნდა გავმქრალიყავით…

ხვიჩა ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია“.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ევროტურნირები