ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსმა ძმამ, თორნიკე კვარაცხელიამ მიუნხენში 17 წლამდე გუნდში ტესტ-მატჩი ჩაატარა და გოლიც გაიტანა.
აი, რას წერს გამოცემა Tageszeitung:
„თორნიკე კვარაცხელიამ ბაიერნის 17 წლამდე გუნდის შემადგენლობაში ტესტ-მატჩი ითამაშა, რომელშიც ბავარიელებმა კლაუს აუგენტალერის აკადემიის გუნდს 3:1 სძლიეს. ერთი გოლი ქართველმა გაიტანა. კვარაცხელიას თამაშის სანახავად „რეკორდმაისტერის“ მთავარი სკაუტი, ნილს შმადტკე პირადად მივიდა.
თორნიკე ტექნიკური თვალსაზრისით ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ფიზიკურად და ინტენსივობის მხრივ კი, მოსამატებელი აქვს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
ვინაიდან საქართველო ევროკავშირი წევრი არაა, კვარაცხელიას გერმანიაში გადასვლა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც 18 წლის გახდება, მანამდე კი, შესაძლოა, გამოსავალი ბაიერნის პროექტ Red&Gold-ის რომელიმე კლუბში იჯარით გაშვება იყოს“.
ეს ინფორმაცია არ მოეწონათ იტალიაში, რადგან უმცროსი კვარას გადაბირება ნაპოლისაც სურს. თორნიკეზე წერილი Tuttomercato-მაც გამოაქვეყნა.
„თორნიკე კვარაცხელიაზე, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ძმაა, აჟიოტაჟი იმატებს. ის გაიზარდა სამწვრთნელო გარემოში, სადაც უპირატესობას ინდივიდუალურ ხარისხსა და შემოქმედებითობას ანიჭებენ. ძმის მსგავსად, ძირითადად მარცხენა ფლანგზე თამაშობს და რიცხობრივი უპირატესობის შესაქმნელად ცენტრში გადაადგილდება. სწრაფად იცვლის მიმართულებას და ბურთთან კარგი შეხებით გამოირჩევა. ბაიერნიდან ინტერესის შესახებ ინფორმაცია მის პოტენციალს ადასტურებს. კლუბი აკვირდება მაღალი დონის ფეხბურთელებს, რომლებსაც ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნიათ. თუ შეტევების დაგვირგვინებასა და უბურთოდ თამაშში გაუმჯობესდება, შეუძლია სრულყოფილი, თანამედროვე შემტევი გარემარბი გახდეს“
იტალიური მედია იმასაც წერს, რომ ნაპოლი დაინტერესებულია 16 წლის ქართველის შეძენით, მაგრამ მას შემდეგ, რაც თორნიკე ბაიერნში მიიწვიეს და ამხანაგურ მატჩშიც გაიტანა, ნაპოლის შანსი შემცირდა.
თორნიკე დინამო თბილისის საკუთრებაშია, რომლის მთავარი გუნდის განაცხადში ერთი კვირის წინ, ეროვნული ლიგის ტურის მატჩში დინამო ბათუმთან, პირველად მოხვდა, მაგრამ მოედანზე არ გასულა.