გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

იბერია თავშია, დინამოები – ბოლოში

გააზიარეთ

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მერვე ტური დასრულდა და ერთპიროვნული ლიდერი გამოიკვეთა. ისე ცხრილში დიდი სიმჭიდროვეა.

სპაერი-იბერია 0:2

მოქმედმა ჩემპიონმა კვლავ გაიმარჯვა და ოთხქულიანი ჰანდიაკპით ლიდერობს. იბერიელებმა სპაერს ორივე გოლი საწყის 17 წუთში გაუტანეს და მატჩის ბედი გადაწყვიტეს.

პირველი გოლი დამუშავებული კუთხურის შედეგი იყო: გიორგი ჯინჯოლავამ ახლო ძელთან გააკეთა პასი, პაატა ღუდუშაურმა ბურთი დასარტყმელად გიორგი კუციას გაუმზადა და მანაც კარში გაგზავნა.

მალევე, იბერიელთა ფორვარდმა ამირან ძაგანიამ ბაქარ ქარდავას პასი მიიღო და ბურთი კარში ძელიდან ასხლეტით შეაგდო – 0:2.

დილა-დინამო (ბთ) 1:0

გორელებმა ზედიზედ მეორე თამაში მოიგეს, ხოლო ბათუმის დინამოს ცუდი სერია აქვს და ჯერჯერობით, ბოლო ადგილზეა.

ერთადერთი გოლი ვნახეთ – ლაშა მენთეშაშვილმა პენალტი გამოიყენა. პენალტი ალეკო აფციაურმა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ დანიშნა. გიორგი ჯალაღონიას ჩაწოდების მერე ნიკა კალანდარიშვილმა კუთხურზე გადააგდო ბურთი… მაგრამ იმ მომენტში ხელზეც შეეხო.

ასეა თუ ისე, დილა დაწინაურდა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში რიცხობრივი უპირატესობაც მიიღო: კალანდარიშვილმა მოჰამედ კანტე წააქცია და ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს.

ზღვისპირელებმა მაინც ბოლომდე იბრძოლეს. გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ ბოლო წუთზე, გურამ ჯაფარიძემ ოდნავ ააცილა კარს.

მეშახტე-რუსთავი 0:0

ეროვნული ლიგა 2-დან დაწინაურებული გუნდების დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა. ეს ტყიბულელთა მეექვსე ფრეა, აქედან ოთხ შემთხვევაში 0:0 დაფიქსირდა.

არადა, თითქოს მომენტები საკმაოდ შეიქმნა, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში, ან ბოლო პასის მომენტებში იყო ბევრი ხარვეზი.

რუსთავი 12 ქულით მესამე ადგილზეა, რაც კარგი შედეგია. მეშახტეს 9 ქულა აქვს და ცხრილის შუაშია.

ტორპედო-სამგურალი 6:1

ყველაზე უხვგოლიანი მატჩი მიმდინარე სეზონში და ყველაზე დიდი სხვაობაც.

ტორპედომ სწრაფი გოლი გაიტანა – კომნენ ანდრიჩმა გიორგი არაბიძის ჩაწოდებას თავური შეაგება; ტაიმის ბოლოს არაბიძემ დაბალ კუთხეში ძლიერი დარტყმით გაზარდა სხვაობა; მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როცა ალეკო ბასილაძემ შორიდან ცაციით გაიტანა; მეოთხე გოლიც ლამაზი გამოვიდა: ვლადიმერ მამუჩაშვილის კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი და ანდრიჩის ერთი შეხებით დარტყმა; 79-ე წუთზე მოჰამედ შერიფმა 5:0 გახადა ანგარიში; მალევე, სამგურალმა ერთი გოლი მიითვალა: ნიკო ცეცხლაძის დაბალი პასი და გიორგი გოგოლაშვილის ზუსტი დარტყმა ვნახეთ; ბოლოს კი ტორპედოს კაპიტანმა მამუჩაშვილმაც გაიტანა.

ტორპედოსთვის ეს ზედიზედ მეოთხე წაუგებელი მატჩი იყო, სამგურალი კი მიჯრით მესამედ დამარცხდა.

დინამო (თბ)-გაგრა 0:1

დინამო თბილისისთვის ზედიზედ მეშვიდე მოუგებელი მატჩი. გაგრამ კი ამ გამარჯვებით ბოლო ადგილიდან მეშვიდეზე აინაცვლა და დედაქალაქელებს გადაასწრო.

სხვათა შორის, დინამო არენაზე ამ გუნდების ბოლო სამი დაპირისპირებიდან სამივეში გაგრამ მოიგო.

ერთადერთი გოლი 52-ე წუთზე გავიდა: უკრაინელმა ანდრი ანდრეიჩუკმა მშვენივრად ითამაშა, სამ ფეხბურთელს გასცდა და ლუკა კეკელიძეს გაატანინა.

დინამოს ისეთი ცუდი სერია აქვს, გუნდში ახალი მწვრთნელის დანიშვნაზე ალაპარაკდნენ და თემურ ქეცბაიას სახელმა გაიჟღერა…

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი