გამოგვიწერეთ

კალათბურთი

კანდიდატთა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გუნდმა ჩინეთის საერთაშორისო ტურნირზე, „სოლიდარობის თასი“ გამარჯვებით დაიწყო. ალეკსანდრ ჯიკიჩის ასისტენტ მარკო ესპოზიტოსა და ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა გუნდმა მონტენეგროს კანდიდატებით დაკომპლექტებულ ნაკრებთან 76:63 მოიგო.

თამაში შედარებით მძიმედ დავიწყეთ. მეტოქემ საწყის წუთებში საკმაოდ ბევრი სამქულიანი ჩააგდო და დაწინაურდა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა პერიმეტრი მალევე გადაკეტა და ხისტი დაცვისა თუ სწრაფი შეტევების ხარჯზე თამაშში დაბრუნდა – პირველი მეოთხედი 25:25 დასრულდა.

გარდამტეხი მომენტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ქართველი კალათბურთელების სრული დომინაციით წარიმართა. სწრაფი კონტრშეტევებითა და ზუსტი შორი სროლებით ჩვენმა გუნდმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა, მეოთხედი 25:9 მოიგო და დიდ შესვენებაზე 16-ქულიანი ლიდერობით (50:34) გავიდა. მესამე პერიოდში მონტენეგრომ ერთადერთხელ მოახერხა ინტრიგის დაბრუნება, როცა ზედიზედ სამი ჩაგდებული სამქულიანით ჩამორჩენა რვა ქულამდე შეამცირა. ესპოზიტომ მოედანზე გამოცდილი მოთამაშეები დააბრუნა და თამაში ჩვეულ, საიმედო კალაპოტში ჩააყენა – მესამე მეოთხედი 62:52 დასრულდა, ხოლო საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 76:63 გაიმარჯვა.

სამწვრთნელო შტაბმა სათამაშო დრო თითქმის ყველა მოთამაშეზე თანაბრად გადაანაწილა. გუნდს 13 ქულითა და 9 მოხსნით ბექა ბექაურმა ულიდერა; 10-10 ქულა დააგროვეს ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა, ცოტნე ცარციძემ და რომან ჭინჭარაულმა (7 მოხსნა); 7-7 ქულა ჩააგდეს ლუკა ლიკლიკაძემ (5 პასი), ლევან გოგიჩაიშვილმა და ლუკა მაზიაშვილმა (7 მოხსნა, 6 პასი); გიორგი კობახიძემ 6 ქულა მიითვალა; ვილი ისიანმა – 3; გიორგი ოგბაიძემ – 2; გეგა წულაიამ – 1; ვახტანგ გაფრინდაშვილმა 5 მოხსნა მიითვალა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები მასპინძელ ჩინეთთან 25 ივლისს გამართავს.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი