გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

კვარაცხელია ევროპის სუპერთასის მფლობელია!

გააზიარეთ

პარი სენ-ჟერმენმა ახალი სეზონი ისტორიული გამარჯვებით დაიწყო. პარიზელებმა პირველად მოიპოვეს ევროპის სუპერთასი. მატჩში, რომელიც ლონდონის ტოტენჰემის წინააღმდეგ ჩატარდა, ლუის ენრიკეს გუნდი დიდხანს ჩამორჩენაში იყო, თუმცა წარმოუდგენელი დაბრუნება შეძლო და საბოლოოდ ტიტული პენალტების სერიაში მოიგო.

შეხვედრის საწყისი ეტაპი აშკარად ლონდონელების სასარგებლოდ წარიმართა. ინგლისურ კლუბს ხანგრძლივი პრესეზონი ჰქონდა და უკვე რამდენიმე ამხანაგური შეხვედრაც ჩატარდა, მაშინ როცა პსჟ მხოლოდ ერთი კვირის წინ შეუდგა მზადებას და სპარინგიც კი არ ჰქონდა ჩატარებული. ეს თამაშიც მათთვის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ პირველი იყო.

პირველი ტაიმის მიწურულს, 39-ე წუთზე, მიკი ვან დე ვენმა ახლო დისტანციიდან გაიტანა, მეორე ნახევრის დასაწყისში კი კუტი რომერომ ანგარიში 2:0 გახადა. ფრანგული კლუბი უძლურად ჩანდა და მეტოქის კარისკენ რეალური საფრთხე არ შეუქმნია. მეორე ტაიმის შუაში ლუის ენრიკემ გააქტიურებული ცვლილებები მოახდინა, რამაც თამაშის სცენარი რადიკალურად შეცვალა. ტოტენჰემმა, თითქოს გამარჯვებაში დარწმუნებულმა, სრული ძალებით დაცვაში გადაწყვიტა ჩაჯდომა. ამის გამოყენება პარიზელებმა მოახერხეს — 85-ე წუთზე კან-ინ ლიმ შორეული, ზუსტი დარტყმით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, ხოლო დამატებულ დროში უსმან დემბელეს ჩაწოდების შემდეგ გონსალო რამოშმა თავით ანგარიში გაათანაბრა — 2:2.

პენალტების სერიაშიც დრამატული ვითარება განვითარდა: ვიტინიას უზუსტობის შემდეგ ფრანგები თავიდან აგებდნენ, თუმცა საბოლოოდ პენალტების სერიაში 4:3 იმარჯვეს და თასი დაისაკუთრეს.

~ეს სუპერთასზე პსჟ-ს მეორე გამოსვლა იყო — 1997 წელს იუვენტუსთან დიდი სხვაობით დამარცხდნენ, ახლა კი სასურველ მიზანს მიაღწიეს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამაც, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა განსაკუთრებული მომენტები არ ჰქონია და 60-ე წუთზე ფაბიან რუისით შეცვალეს.

ამ გამარჯვებით კვარაცხელია კახა კალაძის შემდეგ მეორე ქართველია, რომელმაც ევროპის სუპერთასი მოიგო.

პარიზელები მომდევნო მატჩს 17 აგვისტოს საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ნანტის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი