საკალათბურთო სუპერლიგის ფლეი ოფის ორი ნახევარფინალისტი ცნობილია. რეგულარული სეზონის გამარჯვებულმა თსუ-მ, კავკასია 3:0 დაამარცხა.
მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილში გუნდებმა განსხვავებული პოზიციები (პირველი და მერვე) დაიკავეს, კავკასია დანებებას არ აპირებდა. მატჩის ბედი ბოლო სამ წუთში გადაწყდა და თსუ-მ 80:73 იმარჯვა.
გამარჯვებულთა რიგებში 21 ქულით საუკეთესო კურვოსიე მაკკოლი იყო; კვენტინ ჰარდრიქტმა და ალექსანდრე ფევაძემ გუნდს 18-18 ქულა შესძინეს; გიორგი ტურძილაძემ – 17 ქულა და 6 მოხსნა.
თსუ-ს მომავალი მეტოქის ვინაობა ორბისა და მარგვეთის დაპირისპირებაში ირკვევა. ტყიბულში გამართულ მატჩში ზესტაფონელებმა პირველივე ტაიმში მოპოვებული უპირატესობა ხელიდან არ გაუშვეს, 78:70 მოიგეს და მარგვეთი სერიაში 2:1 დაწინაურდა.
ამ გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა კვლავ ტყიბულში, 30 აპრილს გაიმართება, სადაც გაირკვევა შეძლებს მარგვეთი ნახევარფინალში თსუ-სთან შეხვედრას, თუ ორბი სერიას გადამწყვეტ მატჩამდე მიიყვანს.
თსუ-ს შემდეგ, ნახევარფინალის საგზური მოქმედმა ჩემპიონმა ქუთაისმაც მოიპოვა. იმერულმა კლუბმა თელავში გამართული შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და სერია 3:0 დახურა.
მატჩის ბედი, ფაქტობრივად, პირველსავე პერიოდში გადაწყდა. კოტე ტუღუშის გუნდმა შეხვედრა მძლავრად დაიწყო და 34:16 მოიგო. მართალია, მასპინძლებმა მეორე და მესამე მეოთხედებში მცირედით შეამცირეს სხვაობა (23:19, 27:22), მაგრამ დასკვნით პერიოდში ქუთაისელებმა კონტროლი დაიბრუნეს და მატჩი სასურველი შედეგით (92:78) დაასრულეს.
ქუთაისელთა რიგებში მაგარი მატჩი ჰქონდა დეტრიკ ბრაუნინგს, ვინაც 36 ქულა მოინაგრა.
გორში შთამბეჭდავი თამაში ჰქონდა ბათუმს. აჭარულმა კლუბმა ივერიონს შანსი არ დაუტოვა და 110:87 დაამარცხა. ბათუმელებმა პირველივე პერიოდში მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა და მას შემდეგ ინტრიგა აღარ დაბრუნებულა. ამ გამარჯვებით ბათუმი სერიაში 2:1 დაწინაურდა და 1 მაისს ისევ გორში ითამაშებენ.
საინტერესოა, რომ შარშანდელი ფინალის მონაწილეები – ქუთაისი და თსუ, წელსაც ნახევარფინალში არიან და მათი გზები ფინალამდე არ იკვეთება. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ქუთაისელებმა 0:2-დან შემოატრიალეს ფინალური სერია და ჩემპიონები გახდნენ.