გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დინამო თბილისის 60%-იანი წილი ქართველმა ბიზნესმენმა ხვიჩა მაქაცარიამ შეიძინა. ცოტა ხანში კლუბმა ოფიციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნული ინფორმაცია უარყო.
მოგვიანებით bm.ge-სთან ინტერვიუში დინამო თბილისის გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ დეტალურად განმარტა სიტუაცია და აღნიშნა, რომ მსგავსი მცდარი ცნობები პროცესებს აფერხებს.
„სიმართლეს არ შეესაბამება. მეც მედიით გავიგე. ასეთი სახის არასწორი ინფორმაციის გავრცელება უშლის ხელს იმ ბიზნესპროცესებს, რომლითაც კლუბის ხელმძღვანელობა დამატებითი რესურსების მოძიებას ცდილობს. ჩვენ პარტნიორებს ვეძებთ და ამაზე ყოველდღიურად ვმუშაობთ. ამ ეტაპზე, კონკრეტული არაფერი არსებობს. ახლა საუდის არაბეთში ვარ და ერთ დიდ პროექტზე ვმუშაობ, რის შესახებაც ჩვენი გულშემატკივარი მალე გაიგებს. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა — ერთმა ჟურნალისტმა საკუთარი მოსაზრება დაწერა, რამდენიმე საიტმა კი უპასუხისმგებლოდ გაავრცელა გადაუმოწმებლად და შედეგად სიცრუე გავრცელდა,“ — განაცხადა ზაზა დოლიძემ.
მისივე თქმით, კლუბის ხელმძღვანელობა პარტნიორების ძიებას სხვადასხვა მიმართულებით განაგრძობს:
„ვცდილობთ, რომ გუნდს ჰყავდეს როგორც სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც „დინამო თბილისში“ წილს მიიღებს, ისე ბიზნესპარტნიორები, რომლებიც დააფინანსებენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს — მაგალითად, მოედნების მოწყობას და საფეხბურთო სკოლების განვითარებას. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ სპონსორების მოძიებაზე. დღეს არსებული ფინანსური რესურსი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კლუბმა მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს, თუმცა პროცესს განვაგრძობთ. ფეხბურთი არ არის სპორტი, რომელიც მოკლევადიან პერიოდში მოგებას მოიტანს — მას სჭირდება დაფინანსება და დრო. მნიშვნელოვანია, რომ გულშემატკივრებმა შექმნან ისეთი გარემო, სადაც ბიზნესს ფეხბურთში ჩართვა უფრო საინტერესოდ მოეჩვენება,“ — აღნიშნა დოლიძემ.