
შავი ლომი 2026-27 წლის ჩელენჯ თასის გათამაშებისთვის ემზადება, რომელიც შემოდგომაზე დაიწყება. მესამე ჯგუფში მისი მეტოქეები ტოპ 14-ის ტულონი და ვანი, ინგლისური ჰარლიქვინსი, შოტლანდიური ედინბურგი და უელსური ოსფრიზი იქნებიან. რომელ გუნდებთან და სად (შინ თუ გარეთ) მოუწევს თამაში შავ ლომს, უახლოეს პერიოდში გაირკვევა.
მანამდე შავი ლომი 12 მოთამაშით გაძლიერდა. მათგან ორი ლეგიონერია, ორი სამშობლოში საფრანგეთიდან ბრუნდება, რვა მოთამაშე კი, ქართული კლუბებიდან დაწინაურდა.
შავი ლომის კვართით სამხრეთ აფრიკაში გამართულ „ტოიოტა ჩელენჯზე“ ითამაშეს და გუნდში რჩებიან ბურჯი გიგა კობახიძე (ბათუმი), კვაჭი შოთა ხელაძე (არესი), მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე (აია) და ფრთა რომა მახათძე (ბათუმი). მახათაძემ სამხრეთ აფრიკული ტურნეს შემდეგ ბორჯღალოსნებშიც მიიღო გამოძახება და მისი სანაკრებო დებიუტი მონტევიდეოში, ურუგვაისთან მოგებულ შეხვედრაში შედგა.
სამხრეთ აფრიკული ტურნესთვის გამოძახებული იყო წიქარას მგეზავი დავით იმნაძეც, მაგრამ ცხვირი გაიტეხა და ვერ გაემგზავრა. მერე ბორჯღალოსნების გაფართოებულ შემადგენლობაშიც უხმეს, მაგრამ ცხვირის ოპერაციის შემდეგ აღდგენის შესაძლებლობა მისცეს და სამხრეთ ამერიკაში აღარ წაიყვანეს, ახლა კი, შავ ლომს შეუერთდება.
მაისში გამართულ შავი ლომის გასახურებელ თამაშებში, დიდი 10-ის XV-ში ითამაშა ქუთაისის აიას ბურჯმა გიორგი ქიმუცაძემ, რომელსაც ქართულ ფრენჩაიზთან ერთად სამხრეთ აფრიკაში არ უთამაშია, მაგრამ მომავალი სეზონიდან შემადგენლობაში იქნება.
შავ ლომს ემატებიან უმცროსი ბორჯღალოსნები ლუკა ნარსია და თემურ ძოძუაშვილი. მესამეხაზელი ნარსია, რომელიც საქართველოში მიმდინარე მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 20 წლამდე ნაკრების კაპიტანია, გასულ სეზონში ქუთაისის აიას ღირსებას იცავდა. აიაშივე თამაშობდა ძოძუაშვილიც, რომელიც ჰავბეკისა და მგეზავის პოზიციას ფარავს.
საფრანგეთიდან შავ ლომში ბრუნდება ბორჯღალოსანი ბურჯი გიორგი მამაიაშვილი. გასული სეზონი პრო დე 2-ის გრენობლში გაატარა. 23 წლის მამაიაშვილს სანაკრებო დებიუტი 2024 წელს ჰქონდა, დღემდე ნაკრების კვართით ცხრა მატჩი ითამაშა და ერთი ლელო გაიტანა.
საფრანგეთის მესამე დივიზიონში, ნაციონალ 1-ში თამაშობდა მეორეხაზელი დავით არველაძე, რომელიც მომავალ სეზონს შავ ლომში გაატარებს. ხვამლის აღზრდილი 23 წლის მორაგბე 2021-22 წლებში უმცროსი ბორჯღალოსნების ღირსებას იცავდა. ერთი სეზონი თბილისის ლელოშიც თამაშობდა, 2021 წლიდან საფრანგეთს მიაშურა. თავდაპირველად ოიონაში ირიცხებოდა, ბოლო ორი სეზონი კი ჯერ ობენაში, მერე კი რენში.
რაც შეეხება ლეგიონერებს, ორივე მათგანი სამოური წარმოშობისაა და მეორე-მესამე ხაზში თამაშობენ. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მაიკლ კარი, რომელსაც სამოას ეროვნული ნაკრების კვართით რვა თამაში აქვს ჩატარებული.
ახალ ზელანდიაში, ოკლენდში დაბადებული კარი ფიზიკურად ძლიერი და მრავალმხრივი ფორვარდია, რომელიც გამოირჩევა შრომისმოყვარეობით, აგრესიული დაცვითა და აუტში საიმედო თამაშით. სამოას ნაკრებში მისი დებიუტი 2022 წელს შედგა, საკლუბო დონეზე კი ახალი ზელანდიის ტასმანის, ამერიკული კოლორადო რეპტორსის, იაპონური ტოიოტა შოკის რიგებში უთამაშია.
2022 წლიდან სამშობლოში დაბრუნდა მოანა პასიფიკს შეუერთდა, რომლის შემადგენლობაში Super Rugby Pacific-ის ერთ-ერთი გამორჩეული მორაგბე იყო. ბოლოს წლებში ასევე ახალ ზელანდიურ ნორთ ჰარბორში, მშობლიურ ტასმანში და ოკლენდში ითამაშა.
სამოური წარმოშობის ახალ ზელანდიელი მორაგბეა ამაანი ვერკო-აოიონი. 25 წლის მორაგბე თანამემამულეს მსგავსად მეორე-მესამე ხაზში ითამაშობს. თამაში ტარანაკი ბულსში დაიწყო და როგორც პერსპექტიული მორაგბე, მიწვეული იყო ჩიფსის 20 წლამდე გუნდში, სადაც პირველ გუნდთან ერთადაც ვარჯიშობდა, მაგრამ სუპერ რაგბიში თამაშმა არ მოუწია.
ამაანიმ 2024 წლიდან ავსტრალიაში კანბერა ვიკინგსში გადავიდა და ავსტრალიის შიდა ჩემპიონატში რამდენიმე ლელოც გაიტანა.
იხილე მეტი
-
რაგბი
/ 1 საათის agoშავი ლომი ჩელენჯ თასისთვის 12 მორაგბით გაძლიერდა
გააზიარეთშავი ლომი 2026-27 წლის ჩელენჯ თასის გათამაშებისთვის ემზადება, რომელიც შემოდგომაზე დაიწყება. მესამე ჯგუფში მისი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 4 საათის agoუმცროსი ბორჯღალოსნები და ტრადიციული მეტოქე
გააზიარეთუმცროსი ბორჯღალოსნები ქუთაისში გაემგზავრნენ, სადაც 2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით ორ თამაშს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 4 საათის agoბორჯღალოსნები სამოასთან რევანშისთვის ემზადებიან
გააზიარეთმონტევიდეოში ურუგვაისთან 41:34 გამარჯვების შემდეგ, ბორჯღალოსნები ჩილეში ჩავიდნენ და მსოფლიო რაგბის ერთა თასის მეორე...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი