დაიწყო საფრანგეთის ლიგა 2-ის ახალი სეზონი და საქმეში ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენიც ჩაება. იყო საუბრები რომ ქართველ ფეხბურთელს გუნდის დატოვება უნდა, ამიტომაც ფრანგებმა რამდენიმე საკონტროლო თამაში გამოატოვებიეს.
უფრო ცუდი ის არის, რომ გასული წლის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ოფიციალურ პირველივე მატჩში სკამზე დასვეს და მოედანზე მხოლოდ 62-ე წუთზე შეუშვეს.
სენტ ეტიენი-ლავალის მატჩი კი, 3:3 დასრულდა.
გიორგი მიქაუტაძის ლიონმა სეზონის დაწყებამდე ბოლო ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ესპანურ ხეტაფეს 2:1 მოუგო.
ჩვენებურმა გოლიც გაიტანა, მაგრამ მას შემდეგ რაც პენალტი მეკარემ აუღო და დაამატა. ხეტაფეს კარში პენალტი მეორედაც დაინიშნა, მაგრამ მიქაუტაძე 11-მეტრიან ნიშნულთან აღარ მოსულა. ვნახოთ რა იქნება ახალ სეზონში…
ლიონს პირველი ტური 15 აგვისტოს უწევს და ლანსს ესტუმრება.
ლიგა 1-ის წარმომადგენელმა მეცმა კი სეზონის დაწყებამდე ამხანაგური მატჩი გამართა გერმანულ ჰოფენჰაიმთან და 0:8 განადგურდა. ისიც საინტერესო ფაქტია, რომ გუნდებმა ორი 60-წუთიანი ტაიმი ჩაატარეს.
მეცის შემადგენლობაში გიორგი წიტაიშვილმა პირველ ტაიმი ითამაშა, აბუაშვილი კი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა.
ქართველების გუნდი ლიგა 1-ის ახალ სეზონს 17 აგვისტოს დაიწყებს და პირველ ტურში სტრასბურგს უმასპინძლებს.
გადავინაცვლოთ იტალიაში, სადაც უდინეზეში საბა გოგლიჩიძის ფორმალური დებიუტი შედგა. ფორმალური იმიტომ რომ იტალიური კლუბი გერმანულ ვერდერს ამხანაგურად გაეჯიბრა და, ამასთან – ორჯერ.
გოგლიჩიძე უდინეზეს ძირითად შეამდგენლობაში პირველ მატჩში გამოჩნდა და 1:0 მოიგო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ იტალიელებმა მეტოქეს მეორე შეხვედრაშიც სძლიეს – 2:1.
უდინეზემ შეკრება დაასრულა, ოფიციალურ მატჩს კი, 18 აგვისტოს იტალიის თასზე შინ კარარეზესთან გამართავს.
იტალიის თასზე ერთი დღით ადრე ითამაშებს კრემონეზე, სადაც დაჩი ლორთქიფანიძე ირიცხება. მანამდე ქართველის გუნდი ამხანაგურად რეჯინას გაეჯიბრა და უგოლოდ დაშორდა.
ლორთქიფანიძე სათადარიგოებში იყო და არ უთამაშია. თუმცა, ჯერ ისიც გასარკვევია დარჩება თუ არა გუნდში 20 წლის ქართველი ნახევარმცველი. არის შანსი, რომ კრემონელთა იჯარით გაანათხოვრონ.
ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმი კი პარმას ეთამაშა და 2:1 მოუგო. ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებაზე შეცვალეს, როდესაც გუნდი 2:0-ს იგებდა.
ჰაიდენჰაიმი ბუნდესლიგის ახალ სეზონს ორი კვირის შემდეგ დაიწყებს და პირველ ტურში ვოლფსბურგს უმასპინძლებს.