გამოგვიწერეთ

რაგბი

ქარი ქაფის ჩემპიონმა შავი ლომი პირწმინდად დაჯაბნა

გააზიარეთ

ქარი ქაფის მოქმედმა ჩემპიონმა, სუზუკი გრიქასმა, სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე „ტოიოტა ჩელენჯის“ მეორე მატჩში, შავი ლომთან სრულად დომინირებდა და დიდი ანგარიშით აჯობა – 56:21.

ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბმა, რომლის მიზანიც ამ ტურნირზე მოთამაშეთა საქმეში ნახვაა, აირლინკ პუმასთან (46:36) გამარჯვებული შემადგენლობიდან სასტარტოში 12 მორაგბე შეცვალა. შედეგად, შავ ლომს შეთამაშების მხრივ პრობლემები შეექმნა, რითაც მასპინძლებმა კარგად ისარგებლეს და ფაქტობრივად ყველა კომპონენტში უპირატესობა მოიპოვეს.

მატჩის დებიუტში გრიქასმა ცენტრში ხაზი ორჯერ სუფთად გაჭრა და ორი გარდასახული ლელოთი დაწინაურდა; მე-14 წუთზე მეტოქემ შერკინებაში დაგვაჯარიმა, რასაც 5-მეტრიანთან ჯარიმის ორიგინალური გათამაშება და მესამე ლელო მოჰყვა; 34-ე წუთზე კი აფრიკელებმა მეოთხე, ძალისმიერი ლელო მიითვალეს.

შავ ლომს ტაიმის მიწურულს შეეძლო ლელოს გატანა, მერლს პიტერსის ჭკვიანური გადაკიდების შემდეგ, ამირან შვანგირაძეს და სანდრო თოდუას კარგი წინსვლა ჰქონდათ, აფრიკელები საკუთარ 22-ში დაჯარიმდნენ, მაგრამ ბურთის გათამაშების შემდეგ, ვეღარ გავუფრთხილდით და ტაიმი 0:28 დავთმეთ.

მეორე ტაიმის დასაწყისში დაშვებულ შეცდომას კიდევ ერთი გაშვებული ლელო მოყვა, რაზეც 50-ე წუთზე ძალისმიერი შეტევით ვუპასუხეთ, მაგრამ მსაჯმა დამიწება ვერ დააფიქსირა. სამაგიეროდ, ჯარიმის უპირატესობა დაგვიბრუნდა, რომლის გათამაშების შემდეგ გიორგი სინაურიძემ ლელო მაინც შეიტანა, პიტერსმა კი გარდასახა.

გაშვებულ ლელოზე გრიქასმა ლელოთი მალე გვიპასუხა; თუმცა, 59-ე წუთზე მეორე ძალისმიერი ლელო გავიტანეთ. რამდენიმე ფაზის შემდეგ, კარგად ითამაშა გუგა ღანიაშვილმა, რომლის ხუთ ქულას ლუკა ცირეკიძის გარდასახვა მოყვა. ამ ეპიზოდში მსაჯმა მეტოქის მორაგბე მაღალი და სახიფათო ბოჭვისთვის წითელი ბარათით დასაჯა, მაგრამ 70-ე წუთზე ყვითელი ბარათი ჩვენც მივიღეთ და თამაში 14-14-ზე გაგრძელდა.

დასკვნით წუთებში ქარი ქაფის ჩემპიონმა კიდევ ორი გარდასახული ლელო მიითვალა, სულ ბოლოს კი, შალვა აფციაურმა ბოჭვის შემდეგ ბურთი სწრაფად გაათავისუფლა, თავად აიტაცა და შავი ლომის მესამე ლელო მიითვალა – 21:56.

შავი ლომი „ტოიოტა ჩელენჯის“ ფარგლებში მორიგ შეხვედრას 14 ივნისს, ტოიოტა ჩიტასის წინააღმდეგ გამართავს.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად რაგბი