მისი უდიდებულესობა როლან გაროსის წლევანდელი ტურნირი უკვე ფინიშის სწორზეა. გასარკვევი დარჩა მთავარი ამბავი – თუ ვინ იქნება 2025 წლის რიგით მეორე დიდი სლემის გამარჯვებული.
ვაჟთა ერთეულთა თანრიგში პირველი ფინალისტი მეიჯორების ოთხგზის ჩემპიონს კარლოს ალკარასსა და უდავოდ ნიჭიერ და ბრძოლისუნარიან ლორენცო მუზეტის შორის ირკვეოდა. ფავორიტად ცხადია ესპანელი ჩოგბურთელი მიიჩნეოდა, თუმცა იტალიელიც არ გახლდათ ჯაბანი. „ის რეიტინგის ათეულის წევრია. მიმდინარე სეზონში გრუნტის საფარზე ყველა მაღალი დონის ტურნირზე მინიმუმ ოთხეულში მოხვდა. მისი თამაშები ვნახე და შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ სუსტი წერტილი არ აქვს. მაქსიმალური კონცენტრაცია და საუკეთესო თვისებების გამოვლენა მმართებს, რათა ფინალში გავიდე“ – მატჩამდე ალკარასი საკმაოდ ფრთხილ განცხადებებს აკეთებდა.
ურთიერთშეხვედრებში ესპანელი მეჩოგნის უპირატესობა თვალსაჩინო გახლდათ – 5:1. ის ერთადერთი მატჩი მუსეტიმ ალკარასს 2022 წელს ჰამბურგის ტურნირის ფინალში მოუგო. მართალია, ესპანელისთვის შეხვედრა არცთუ ისე სახარბიელოდ დაიწყო და პირველი სეტი დათმო კიდეც, მაგრამ შემდეგ ყველაფერი კალაპოტში ჩადგა ალკარასმაც ფინალის საგზური გაიფორმა – 4:6, 7:6, 6:0, 2:0. იტალიელი ჩოგბურთელის ქომაგთათვის სამწუხაროდ ლორენცო მუსეტიმ მეოთხე პარტიაში ტრავმის გამო მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
ამრიგად, მოქმედ ჩოგბურთელებს შორის, ნოვაკ ჯოკოვიჩისა და დანილ მედვედევის შემდეგ კარლოს ალკარასი გახდა მესამე ვინც დიდი სლემის ტურნირების ფინალში მეხუთედ გააღწია. აქვე ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ესპანელი როლან გაროსის შარშანდელი გამარჯვებულია და ტიტულის დაცვასთან ერთ ნაბიჯშია.
ეს ნაბიჯი კი ადვილი გადასადგმელი ნამდვილად არ იქნება. ფინალში, კარლოს ალკარასს იანიკ სინერთან მოუწევს ჯახი, ვინაც ნახევარფინალში თავისმხრივ ლეგენდარული ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა. ურთიერთშეხვედრებში მეტოქეებს შორის სრული თანაფარდობა გახლდათ – 4:4. მატჩი მეტად თვალსასეირო სანახავი გამოდგა და ეს არც არის გასაკვირი. ფილიპ შატრიეს სახელობის კორტზე ხომ ერთმანეთის პირისპირ მსოფლიოს ამჟამინდელი პირველი ჩოგანი და დიდი სლემის ტურნირების 24-გზის ჩემპიონი იდგნენ. საბოლოოდ 3 საათიან თრილერში იანიკ სინერმა ვეტერანი სერბი მეტოქე – 6:4, 7:5, 7:6 დაამარცხა და როლან გაროსის ფინალში პირველად ითამაშებს. ისე კი სინერი მეიჯორების ორგზის ტრიუმფატორია.
მოკლედ, საფრანგეთის ღია პირველობის გადამწყვეტ მატჩში ურთიერთობას რეიტინგის პირველი და მეორე ნომრები გაარკვევენ. კარლოს ალკარასი და იანიკ სინერი აქამდე დიდი სლემის ფინალში არასდროს დაპირისპირებიან. მატჩი 8 ივნისს გაიმართება.