გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ხვიჩა კვარაცხელია: შვილთან ერთად ვვარჯიშობ

გააზიარეთ

პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემა L’Équipe-მა „ოქროს ბურთის“ ერთ-ერთ ნომინანტ ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

_ თქვენი გადასვლის შემდეგ პსჟ მსოფლიოს საუკეთესო გუნდად იქცა?

_ ასე არ ვფიქრობ. გუნდში თითოეული ფეხბურთელი ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოედანზეა და ვინ სათადარიგოთა სკამზე ზის. ბედნიერი და მადლიერი ვარ, რომ იმ ფეხბურთელებს შორის ვიყავი, ვინც ტიტულების მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

_ პსჟ-ში ადაპტაცია მარტივი იყო?

_ ვფიქრობ, კი. როდესაც მივედი, თანაგუნდელებმა ისეთი შეგრძნება შემიქმნეს, თითქოს დიდი ხანია ვიცნობდი. ადაპტაცია ძალიან მარტივი აღმოჩნდა. თავი ისე ვიგრძენი, როგორც საკუთარ სახლში.

_ როდესაც პარიზში გადმოდიოდით, გქონდათ მოლოდინი, რომ პსჟ ევროპაში დომინანტი გუნდი გახდებოდა?

_ რა თქმა უნდა, მჯეროდა. ვხედავდი, როგორ თამაშობდნენ და რამდენად ნიჭიერები იყვნენ. შემდეგ ვარჯიშებზე მივხვდი, რომ ამ გუნდს ყველაფრის მიღწევა შეეძლო. გვყავს შესანიშნავი მწვრთნელი, ფეხბურთელები და მთლიანად სტაფი. ვფიქრობდი, თუ ერთად ვითამაშებდით და მწვრთნელის მითითებებს შევასრულებდით, ბევრი ტიტულის მოგება შეგვეძლო.

_ თქვენს თამაშში ლუის ენრიკეს დამსახურება დიდია?

_ პირველ რიგში, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთს პატივს ვცემთ. ყოველთვის მიბიძგებს, რომ განვვითარდე, გავაუმჯობესო ჩემი თამაში და ჩემი საუკეთესო ვერსია ვიყო. მასთან კომუნიკაცია ძალიან მარტივია. ვამაყობ მისით და მომწონს მისი მუშაობის სტილი. მისი სამწვრთნელო შტაბის ყველა წევრი შესანიშნავია. უბრალოდ, უნდა მოუსმინო მათ და ყველაფერი სწორად გააკეთო.

_ საუბრობენ, რომ „დიდ მატჩებში“ თამაში უკეთ გამოგდით…

_ ძალიან მომწონს ის ატმოსფერო, რაც გადამწყვეტ მატჩებშია! თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. თუმცა, ეს ნიშნავს, რომ გუნდი ძალიან კარგად თამაშობდა და თანაგუნდელები ბევრს მეხმარებოდნენ. ვფიქრობ, გუნდური მუშაობის გარეშე ჩემთვის კარგი შედეგის ჩვენება შეუძლებელი იქნებოდა. ყველა მეტოქეს პატივს ვცემ, მაგრამ ფეხბურთელების გვარებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. მოედანზე ჩემთვის ყველა ერთნაირია. მთავარია, ფეხბურთელი მოედანზე რამდენად მოტივირებული გადის, რას აკეთებს გუნდისთვის და რას დებს თამაშში. როდესაც მოედანზე გავდივარ, მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს – მინდა, გუნდისთვის მაქსიმუმი გავაკეთო, ვითამაშო ისე, როგორც მიყვარს და სიამოვნება მივიღო.

_ რომელია პსჟ-ში ფავორიტი გოლი და საგოლე პასი?

_ გამოვარჩევდი მიუნხენის ბაიერნთან, ლიგის ნახევარფინალში უსმან დემბელესთვის გაკეთებულ პასს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო. „ალიანც არენა“ ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონია, სადაც გასვლით შეხვედრაში შეგიძლია ითამაშო. ვფიქრობ, გოლის გატანა გვჭირდებოდა და შეტევა ძალიან ლამაზი გამოვიდა.

რაც შეეხება გოლს, შესაძლოა, ასტონ ვილასთან გატანილი გოლი დავასახელო. რამდენიმე გოლია, რომელიც ძალიან მომწონს, მაგრამ, ალბათ, ეს იყო ჩემთვის ყველაზე ლამაზი.

_ დრიბლინგი თქვენი ერთ-ერთი გამორჩეული თვისებაა…

_ ფეხბურთში რისკზე წასვლა მიყვარს. ვფიქრობ, როდესაც ბურთი მაქვს, თავს მსოფლიოში ყველაზე ამაყ ადამიანად ვგრძნობ. ძალიან მიყვარს ერთი-ერთზე წასვლა და გუნდისთვის გოლის გატანაში დახმარების მცდელობა. რა თქმა უნდა, მოედანზე ბრძოლები ხდება, მაგრამ ეს ყველაფერი ყოველთვის მოედანზევე რჩება.

_ ამ დროს შეცდომის დაშვების შიში არ გაქვთ?

_ შეიძლება, ერთხელ წარმატებით ვერ გავცდე მეტოქეს, მაგრამ მეორედ აუცილებლად ვცდი. ვიცი, რომ, შესაძლოა, ხუთი მცდელობიდან ერთხელ გამომივიდეს კარგი მოძრაობა და ისეთი მომენტი შევქმნა, რომ გუნდმა გოლის გატანა შეძლოს.

_ პარიზსა და ნეაპოლში ცხოვრებას როგორ შეადარებდი?

_ პარიზში ბევრად უკეთესია, რადგან აქ ბევრი ტურისტია. თუმცა, შესაძლოა, ბევრმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცოდეს. ნეაპოლში კი, თითოეული ადამიანი ფეხბურთით ცხოვრობს. რა თქმა უნდა, პარიზშიც არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან ვუყვარვარ და ქუჩაშიც მამჩნევენ.

_ პარიზში დაცვაში თამაშსაც მოუმატეთ…

_ ნეაპოლში ასეთი ტიპის ფეხბურთელი არ ვიყავი. როდესაც პას_ში მივედი და დავინახე, რომ გუნდი ყველაფერს გაძლევს და პატივს გცემს, მივხვდი, სანაცვლოდ 100% უნდა გამეღო. გავაცნობიერე, რომ მაქსიმუმი უნდა გამეკეთებინა. ერთი შეცდომაც კი შეიძლება საკმარისი იყოს, რომ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლო. ამიტომ ვცდილობ, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო და გუნდს როგორც დაცვაში, ისე შეტევაში დავეხმარო. ამ კლუბისთვის ყველაფრის გაღება მინდა.

_ იცოდით, რომ ფეხბურთში ამდენს მიაღწევდით?

_ არა. ისიც კი არ ვიცოდი, ვიქნებოდი თუ არა პროფესიონალი ფეხბურთელი. ერთი რაც ნამდვილად ვიცოდი – ფეხბურთი ძალიან მიყვარდა. ეს ძალიან ხანგრძლივი გზა იყო. საქართველომ ძალიან დამეხმარა და ამიტომაც ქართული კულტურა ყველგან თან დამაქვს. მომწონს, რომ იმ პატარა ქვეყანას წარმოვადგენ, რომელსაც საკუთარი მენტალიტეტი აქვს. ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ და ყოველთვის ვცდილობ, მათთვის ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო.

_ ოჯახზეც გვითხარით…

_ როგორც ყველამ იცის, ფეხბურთში ზოგჯერ რთული პერიოდებია, როდესაც თავს ცოტა დაძაბულად გრძნობ. ასეთ დროს ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ოჯახის წევრები კვლავ ბედნიერს გხდიან და საკუთარი თავის შენარჩუნებაში გეხმარებიან. ვამაყობ, რომ ჩემს გვერდით არიან. ახლა შვილიც მყავს და ვცდილობ, მასთან რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო, რადგან ფეხბურთის თამაში უყვარს. მასთან ერთად ცოტას ვვარჯიშობ კიდეც.

_ რომელი უფრო რთულია, ტიტულის მოპოვება თუ მაღალ დონეზე დარჩენა?

_ ვფიქრობ, იმავე დონეზე დარჩენა და გამარჯვებების გაგრძელება ძალიან რთულია. ტიტულების მოგება ადვილი არ არის, მაგრამ იმავე დონეზე დარჩენა კიდევ უფრო რთულია.

_ მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვებას როგორ შეხვდი?

_ ეს ძალიან რთული იყო, მინდოდა, ნაკრებთან ერთად იქ ვყოფილიყავი. ძნელი იყო იმის გააზრება, რომ ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ვითამაშებდი და კიდევ ოთხი წელი უნდა დამეცადა. ფეხბურთში არის რაღაცები, რომლებსაც ვერ შეცვლი, მაგრამ შეგიძლია ისეთი რამ გააკეთო, რომ იქნებ ერთ დღეს იქ მოხვედრა შევძლოთ.

_ მუნდიალის გარეშე „ოქროს ბურთის“ მოგების შანსი გაქვთ?

_ ეს იმ ადამიანებზეა დამოკიდებული, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ. თუმცა, პრეტენდენტებს შორის ყოფნა დიდი სიამოვნებაა. ეს ნიშნავს, რომ ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო და შესანიშნავ ფეხბურთელებს შორის აღმოვჩნდი. ამით ძალიან ვამაყობ. ვეცდები, მომავალშიც მაქსიმუმი გავაკეთო.

_ ისეთი ყოფილი ფეხბურთელები, როგორებიც მიშელ პლატინი, ტონი კროოსი და კიდევ სხვები არიან, თვლიან რომ „ოქროს ბურთი“ თქვენ გეკუთვნით….

_ ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთი ლეგენდები ამბობენ, რომ ვიმსახურებ. უკვე დიდი სიამოვნებაა იმის ცოდნა, რომ პლანეტაზე თუნდაც ერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ფეხბურთში ერთ-ერთი უდიდესი ტიტულის ღირსი ხარ. ეს ნიშნავს, რომ ჩემს საქმეს სწორად ვაკეთებ. მინდა, იმავე დონეზე გავაგრძელო და ვნახოთ, რას მომიტანს ცხოვრება. ყველაფრისთვის მზად ვარ.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები