
საქართველოს ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადების პროცესი გახსნა. ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილ გუნდს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ორი მატჩი ელის: 2 ივლისს უკრაინასთან (ლატვიაში) და 5 ივლისს ესპანეთთან (თბილისში). მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ნაკრებს მომდევნო ჯგუფური ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვს, ამ შეხვედრების მოგებას მაინც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. აქ დაგროვილი თითოეული ქულა გუნდებს მეორე რაუნდშიც გადაჰყვებათ, სადაც კიდევ ექვსი მატჩი ელით და სწორედ ამ ჯამური შედეგით გაირკვევა, მოიპოვებენ თუ არა მსოფლიო პირველობის საგზურს.
მოსამზადებელი ეტაპი და შემადგენლობა
სეზონებს შორის პერიოდში მოქცეული შეკრება ტრადიციისამებრ, ორ ეტაპად არის დაყოფილი. თავდაპირველად, სუპერლიგაში მოთამაშე კანდიდატები თბილისში რამდენიმე დღით იკრიბებიან, რის შემდეგაც აქ თავგამოჩენილი კალათბურთელები ლეგიონერებს შეუერთდებიან და ოფიციალური მატჩებისთვის გენერალურ მზადებას უკვე საზღვარგარეთ გაივლიან.
ეროვნული გუნდის სერბმა მთავარმა მწვრთნელმა 19-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, საიდანაც 13 „თბილისი არენაზე“ გამართულ პირველსავე ვარჯიშზე გამოცხადდა. ადგილობრივი ჩემპიონატის კალათბურთელებთან ერთად, დარბაზში ის ლეგიონერებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც საკლუბო სეზონი უკვე დაასრულეს. მათ შორის არიან:
გოგა ბითაძე (ორლანდო მეჯიქი, NBA), რატი ანდრონიკაშვილი (ალფტანესი, ისლანდია), დუდა სანაძე (მალიორკა, ესპანეთი), გიორგი კორსანტია (გიპუზკოა, ესპანეთი), ალექსანდრე მერკვილაძე (ოსტენდე, ბელგია).
ლატვიურ შეკრებაზე გამგზავრებამდე გუნდს თბილისშივე შეუერთდებიან ბექა ბურჯანაძე (ესპანური გრანადა) და გასულ სეზონში ისლანდიურ რეიკიავიკში მყოფი ცოტნე ცარციძე.
გეგმა მატჩებამდე და საკონტროლო შეხვედრები
21 ივნისს, გამთენიისას, თბილისური შეკრების შედეგად შერჩეული შემადგენლობა ლატვიის ზღვისპირა კურორტ იურმალაში გაემგზავრება, სადაც 29 ივნისამდე დარჩება.
ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, გუნდს მას შემდეგ შეუერთდება, რაც ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიას დაასრულებს. ეს სერია მინიმუმ 24 ივნისამდე გაგრძელდება, თუმცა, შესაძლოა, ბარსელონასა და ვალენსიას დაპირისპირება 28 რიცხვამდეც გაიწელოს. სანდრო მამუკელაშვილი კანადაში იმყოფება და ნაკრებს, ისევე როგორც ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი, მარკიზ რიდი, პირდაპირ ლატვიაში შეუერთდება.
ოფიციალურ მატჩებამდე ჩვენი გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს:
24 ივნისი (იურმალა): საქართველო-ანგოლა; 28 ივნისი (რიგა): საქართველო – ლატვია.
ლატვიელებთან მატჩი ზუსტად იმ დარბაზში ჩატარდება, სადაც სამ დღეში ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდება.
სატურნირო ვითარება A ჯგუფში და ფორმატი
მსოფლიო ფორუმზე მოსახვედრად ევროპის კონტინენტიდან სულ 32 ეროვნული გუნდი იბრძვის. ისინი ფინალური ეტაპის 12 საგზურს ორეტაპიანი სისტემით, ექვსი სათამაშო ფანჯრის განმავლობაში გაინაწილებენ. საწყისი რაუნდის დასრულების შემდეგ, თითოეული ჯგუფის სამი საუკეთესო კოლექტივი მომდევნო ეტაპზე გადავა, სადაც ექვსგუნდიანი ოთხი ახალი ჯგუფი დაკომპლექტდება.
ამჟამად მიმდინარე A ჯგუფში სიტუაცია ასეთია: ოთხიდან ოთხი მოგებით ცხრილის სათავეში ესპანეთია. მათ 2-2 გამარჯვებით უკრაინა და საქართველო მიჰყვებიან, ხოლო აუტსაიდერის პოზიციას დანია იკავებს, რომელსაც აქტივში არცერთი მოგება არ აქვს. ესპანეთსა და საქართველოს მეორე ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვთ, დიდი ალბათობით კი მათ კომპანიას უკრაინაც გაუწევს, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, სატურნირო ცხრილში მათ დანიამ გადაასწროს.
მეორე ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც 2026 წლის აგვისტოსა და ნოემბერში, ასევე 2027 წლის თებერვალში გაიმართება, ნაკრებები მხოლოდ იმ ახალ მეტოქეებს დაუპირისპირდებიან, რომლებსაც მანამდე არ შეხვედრიან. საბოლოო ჯამში, ამ ახალი ჯგუფების სამ-სამი საუკეთესო გუნდი მსოფლიო პირველობის საგზურს მოიპოვებს.
ისტორიული რეტროსპექტივა: საქართველოს ნაკრების დებიუტი მსოფლიო ფორუმზე 2023 წელს შედგა. იაპონიაში, F ჯგუფში ასპარეზობისას, ქართველებმა კაბო ვერდესა და ვენესუელას სძლიეს, სლოვენიასთან მარცხის მიუხედავად კი მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. მეორე რაუნდში ჩვენი გუნდი მსოფლიოს მომავალ ჩემპიონ გერმანიასთან და ავსტრალიასთან დამარცხდა და ტურნირი საპატიო მე-16 პოზიციაზე დაასრულა.
მსოფლიო ჩემპიონატი 2027
მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს 2027 წლის 27 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით კატარი უმასპინძლებს. მასპინძლის სტატუსიდან გამომდინარე, კატარი ამ დროისთვის ერთადერთი გუნდია, ვისაც ტურნირზე თამაში გარანტირებული აქვს. ჩემპიონატში სულ 32 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, ქვოტები კი კონტინენტების მიხედვით ასე ნაწილდება:
ევროპა: 12 ადგილი; ამერიკა: 7 ადგილი; აზია-ოკეანეთი: 7 ადგილი; აფრიკა: 5 ადგილი.
საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა
მარკიზ რიდი (ტრაბზონი, თურქეთი), რატი ანდრონიკაშვილ (ალფტანესი, ისლანდია), გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი), ლუკა ალავიძე, კახაბერ ჯინჭარაძე (ორივე ქუთაისი), დუდა სანაძე (მალიორკა, ესპანეთი), სანდრო სანაძე, გიორგი კობახიძე, რომან ჭინჭარაული (ყველა მარგვეთი), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), სანდრო მამუკელაშვილი (ტორონტო, NBA), თორნიკე შენგელია (ბარსელონა, ესპანეთი), ბექა ბურჯანაძე (გრანადა, ესპანეთი), გიორგი კორსანტია (გიპუზკოა, ესპანეთი), ალექსანდრე მერკვილაძე (ოსტენდე, ბელგია), ცოტნე ცარციძე (რეიკიავიკი, ისლანდია), ვილი ისიანი (რუსთავი), გოგა ბითაძე (ორლანდო, NBA).
იხილე მეტი
-
კალათბურთი
/ 5 საათის agoჯიკიჩის კრებულმა მზადება თბილისში დაიწყო
გააზიარეთსაქართველოს ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადების პროცესი გახსნა. ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ევროტურნირები
/ 20 საათის agoქართული გუნდების კონფერენს ლიგის მეტოქეები ცნობილია
გააზიარეთშვეიცარიის ქალაქ ნიონში, UEFA-ს შტაბ-ბინაში, კონფერენს ლიგის 2026-27 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ევროტურნირები
/ 23 საათის agoიბერიას ფლორა და ახალი მწვრთნელი ერგო
გააზიარეთშვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა ჩემპიონთა ლიგის წილისყრა. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე საქართველოს სახელს იბერია...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი