გიორგი ტაბატაძემ დანიური სუპერლიგის კლუბ ვეილესთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ინფორმაციას თავად სკანდინავიელები ადასტურებენ.
ტაბატაძის მისვლასთან დაკავშირებით, ვეილეს სპორტული დირექტორი მიკელ ჰემერსამი საუბრობს:
„გიორგი ტაბატაძე არის ფეხბურთელი, რომლის ნიჭი უფრო და უფრო საინტერესოა, რაც უფრო მეტს ხედავ. ამ სატრანსფერო ფანჯარას მივუდექით სტრატეგიით, რომელიც გუნდის გაძლიერებას გულისხმობს მაღალი დონის ფეხბურთელებით. გიორგი კარგად ჯდება ჩვენს სტრატეგიაში.
კრისტიან სორენსენი გუნდში ერთადერთი მარცხენა ფეხით მოთამაშე ფულბეკია და ამიტომ ვეძებდით მარცხენა მცველს და ეს გიორგიში ვიპოვეთ, რომელიც ბუნებრივად ერგება ამ პოზიციას და შეტევაში ჩართვაც შეუძლია. გიორგი დინამიურია, სწრაფი და ერთი-ერთზე თამაშისას საინტერესო უნარები აქვს. მოუთმენლად ველით მის ინტეგრაციას ჩვენს გარემოში. ვეილეს ყველა წევრის სახელით, მივესალმები გიორგი ტაბატაძეს კლუბში“.
19 წლის ტაბატაძემ ახალგაზრდა ასაკში უკვე მოიგო ქვეყნის ჩემპიონატში იბერია 1999-ის შემადგენლობაში, სადაც 36 მატჩი ითამაშა, როგორც შიდა ჩემპიონატში, ასევე ჩემპიონთა ლიგისა და კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.
ვეილეში გადასვლამდე, ელიგის ბოლო მატჩში, ტაბატაძე იბერიელებს ორი გოლითა და საგოლე პასით შეეშველა.
გიორგი ტაბატაძე:
„ძალიან მიხარია, რომ გადმოვედი ვეილეში – კლუბში რომელიც კარგად გამართული და პროფესიონალური კლუბია. დანიის ლიგის ბევრი მოთამაშე კარგ ევროპულ კლუბებში გადადის და ეს იმაზე მეტყველებს, რომ ფეხბურთელები აქ კარგად განვითარებულები არიან და კარგ დონეზე თამაშობენ. წარსულში დანიაში რამდენიმე ახალგაზრდა ქართველი იყო და ისინი ეროვნული გუნდიდან მახსოვს. ამიტომ ვეილეს შეთავაზებამ ჩემი ინტერესი სწრაფად მიიპყრო.
როგორც ფეხბურთელი, გუნდური მოთამაშე ვარ. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში შვედეთში, მალმიოს წინააღმდეგ ვიასპარეზე და სკანდინავიურ სტილს „გემო“ გავუსინჯე. მოუთმენლად ველი ახალ თანაგუნდელებთან შეხვედრას. გვაქვს მიზანი, რომლის მიღწევაც გვსურს და შანსს მაშინ გამოვიყენებ, როცა საჭიროდ მწვრთნელი ჩათვლის, რომ ამისთვის მზად ვიქნები“.
ტაბატაძემ 21-ე ნომერი მაისური აირჩია და ახალ თანაგუნდელებთან ერთად პირველ ვარჯიშს ხვალ გამართავს.