შვედეთის ჩემპიონატის საოცარი ისტორია — 2025 წლის სეზონში ტიტული მიალბიუმ მოიპოვა, კლუბმა, რომელიც პატარა სოფელს წარმოადგენს, სადაც სულ რაღაც 800-მდე ადამიანი ცხოვრობს.
სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე მიალბიუმ ჩემპიონობა ოფიციალურად გაინაღდა, როცა სტუმრად გიოტებორგს 2:0 სძლია. გამარჯვების გოლები იაკობ ბერგსტრომმა და ტომ პეტერსონმა გაიტანეს.
ამ შედეგით, გუნდი 66 ქულაზე ავიდა და უახლოეს მდევარ ჰამარბის 11 ქულით გადაუსწრო — სხვაობა, რომლის აღმოფხვრაც დარჩენილ ტურში უბრალოდ შეუძლებელია.
მიალბიუ შვედური ფეხბურთის ნამდვილ სენსაციად იქცა.
მხოლოდ ცხრა წლის წინ, 2016-ში, კლუბი გაკოტრებასა და მესამე დივიზიონში დაქვეითებას გადაურჩა. გადამწყვეტი მატჩის მოგების შემდეგ დაიწყო ახალი ისტორია — აღმავლობა, რომელმაც დღეს ჩემპიონობამდე მიიყვანა.
კლუბის საოცარი ატმოსფერო მის სტადიონზეც იგრძნობა. “სტრანდვალენი”, რომელიც 1939 წელს აშენდა ბალტიის ზღვის სანაპიროზე, სოფელთან ახლოს მდებარეობს. ის მხოლოდ 6 500 მაყურებელს იტევს, მაგრამ საშუალოდ ოთხჯერ მეტი გულშემატკივარი აკვირდება მატჩებს, ვიდრე სოფელში ცხოვრობს. სტადიონზე მისვლა ავტომობილით აუცილებელია, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქამდე არ დადის.
მიალბიუს გზა ელიტამდე მარტივი არ ყოფილა. 2018 წელს გუნდი მეორე ლიგაში თამაშობდა და მეორე ადგილის დაკავებით ალსვენსკაში, შვედეთის უმაღლეს დივიზიონში აღზევდა. 2023 წელს მეცხრე ადგილზე გავიდა, 2024-ში კი მეხუთე პოზიციაზე დაასრულა, ხოლო ახლა ქვეყნის ჩემპიონია.
კლუბის ისტორიაში არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი აღიზარდა. მათ შორის კრისტიან ვილჰელმსონი, რომელმაც კარიერა მიალბიუდან დაიწყო და შემდეგ ისეთ გუნდებში ითამაშა, როგორიცაა ანდერლეხტი, რომა და ბოლტონი. შვედეთის ნაკრებში მას 79 მატჩი აქვს ჩატარებული.
ასევე აღსანიშნავია მეკარე მატიას ასპერი — მიალბიუს აკადემიის კურსდამთავრებული, რომელიც მალმიოს, სოსიედადსა და ბრანეს იცავდა და შვედეთის ნაკრებშიც იასპარეზა.
გუნდს ამჟამად ანდერს ტორსტენსონი წვრთნის — მწვრთნელი, რომელმაც კლუბი უკვე მესამედ ჩაიბარა და სწორედ მის ხელმძღვანელობით მოახერხა პატარა სოფლის გუნდმა ისეთი მიღწევა, რომელზეც მხოლოდ ზღაპრებში წერდნენ.
მიალბიუს ჩემპიონობა არა მხოლოდ შვედეთში, არამედ მთელ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელ ისტორიად იქცა.