გიორგი მამარდაშვილი აგრძელებს ისტორიის წერას ლივერპულში. ქართველი მეკარე პირველად მოხვდა ჩემპიონთა ლიგის მატჩის სასტარტო შემადგენლობაში და მიუხედავად ერთი გაშვებული ბურთისა, ძალიან საიმედოდ ითამაშა.
არნე სლოტის გუნდს ბოლო პერიოდში რთული პერიოდი ჰქონდა – ოთხი ზედიზედ წაგება ყველა ტურნირზე. ამიტომ, აინტრახტთან გამარჯვება მერსისაიდელებისთვის დიდი მნიშვნელობის იყო. შეხვედრა ენფილდზე გაიმართა და მასპინძლებმა დამაჯერებლად, 5:1 გაიმარჯვეს.
მატჩის დასაწყისი თანაბარი იყო. ლივერპული ბურთს აკონტროლებდა, თუმცა აინტრახტიც აქტიურად უტევდა. მე-7 წუთზე მამარდაშვილმა ურთულესი ბურთი მოიგერია – ჟან-მატეო ბაოია მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ქართველმა მეკარემ გადამწყვეტ ეპიზოდში იდეალურად ითამაშა. მოგვიანებით დაფიქსირდა თამაშგარე მდგომარეობა, თუმცა მომენტში მამარდაშვილის რეაქცია აღსანიშნავი იყო.
26-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გახსნეს. რასმუს კრისტენსენმა შორეული დარტყმით ბურთი ძელის მოხვედრის შემდეგ კარში ჩააგდო, ამ ეპიზოდში გიორგი უძლური იყო. მალევე ლივერპულმა გაათანაბრა – ენდი რობერტსონის გადაცემის შემდეგ უგო ეკიტიკემ ყოფილი გუნდის კარში გაიტანა და გოლი არ აღნიშნა.
პირველი ტაიმის ბოლოს მერსისაიდელებმა უპირატესობა გაზარდეს. 39-ე წუთზე ვირჯილ ვან დაიკმა თავურით გაიტანა, ხოლო ხუთ წუთში იგივე გაინმეორა იბრაჰიმა კონატემ. ორივე გოლი შეტევაში აქტიურ კოდი გაკპოსა და დომინიკ სობოსლაის საგოლე გადაცემებით გავიდა.
მეორე ნახევარში თამაშის ტემპი დაცხრა, თუმცა ლივერპულმა კიდევ ორჯერ შეძლო გოლის გატანა. 66-ე წუთზე სობოსლაიმ შესანიშნავი პასი გაუკეთა ფლორიან ვირტცს, რომელმაც გაკპოს ცარიელ კარში გაატანინა. 70-ე წუთზე სობოსლაიმ თავადაც გაიტანა – ძლიერი შორეული დარტყმით, აუღებლად.
მატჩი ლივერპულის დამაჯერებელი გამარჯვებით 5:1 დასრულდა. ეს შეხვედრა გუნდს ნამდვილად სჭირდებოდა ფსიქოლოგიური ფონის ასამაღლებლად.
მამარდაშვილმა სტაბილურად ითამაშა – რამდენჯერმე საიმედოდ იმოქმედა, განსაკუთრებით ფეხით, და საწყის ეტაპზე გადამწყვეტი ბურთიც მოიგერია.