დუდუ დადიანის რიგით 25-ე გათამაშების ჩემპიონი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდია. კსუ-კავკასიამ ფინალურ მატჩში ტურნირის წინა ორი გათამაშების გამარჯვებული თელავი დაამარცხა და არსებობის ისტორიაში აღნიშნულ ტიტულს მეორედ დაეუფლა. პირველად კავკასიელებმა დადიანის მემორიალური ტურნირი 2022 წელს მოიგეს, როცა ფინალში თსუ-ს 66:54 მოუგეს.
ამჯერად ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა გუნდმა თელავს 102:82 აჯობა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა თელაველებმა კსუ-ს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. იყო მომენტები, როცა თელავი ჩამორჩენას ამცირებდა, მაგრამ დაბალანსებული შემადგენლობის ხარჯზე კავკასიელები ხელჩსაჭიდ უპირატესობას მალევე იბრუნებდნენ და ფაქტობრივად თამაში ისე დასრულდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა.
შეხვედრა კსუ-ს უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი კავკასიელებმა 27:21 მოიგეს; კავკასიელებმა მეორე პერიოდში ლიდერობა კიდევ უფრო განამტკიცეს და დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ; მესამე ათწუთეულში ბექა წივწივაძის გუნდმა შეტევაში შედეგიანობას უმატა, მონაკვეთი ამჯერად 29:23 მოიგო და, ფაქტობრივად, მატჩის ბედი გადაწყვიტა; დასკვნით მეოთხედს ფორმალური ხასიათი ჰქონდა.
გამარჯვებულ გუნდს 19-19 ქულით ჯასტინ ფორესტი და სანდრო სანაძე (პლუს 8 პასი) ლიდერობდნენ; გიორგი ტურძილაძემ 18 ქულა დააგროვა; შამარ რაითმა შეხვედრა 13 ქულითა და ცხრა მოხსნით დაასრულა; გეგი ბაქრაძემ და ლუკა მაზიაშვილმა გუნდს 10-10 ქულა შესძინეს; თელავის შემადგენლობაში საუკეთესოები კაილერ ვანდერჯაგტი (25 ქულა) და გიორგი კობახიძე (22) იყვნენ.
ტურნირზე დაწესებული იყო საუკეთესო მოთამაშის პრიზი, რომელიც კსუ-ს უკანახაზელ სანდრო სანაძეს გადაეცა. ტურნირის MVP-ი პრიზით კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გიორგი ჯაფარიძემ დააჯილდოვა.
ჩემპიონთა კაპიტანს, აკაკი დვალიშვილს საჩემპიონო თასი დუდუ დადიანის ძმისშვილებმა — სანდრომ და ნიტამ გადასცეს.
ტურნირის ისტორიაში პირველად, მესამე ადგილის მფლობელიც გამოვლინდა, რომელიც რუსთავს ერგო. ქვემოქართლელებმა ახალციხე 97:70 გაანადგურეს.