გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

რეკორდები და ზღაპრის დასასრული

გააზიარეთ

ოთხივე ნახევარფინალისტი გარკვეულია. საფრანგეთის ღია პირველობის მეთერთმეტე სათამაშო დღეს, ჩოგბურთის ქომაგმა, მამაკაცთა ბადეში ორი 1/4 ფინალური დაპირისპირება იხილა, რომელთაგან უფრო მყვირალა აფიშა ალექსანდრე ზვერევისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის მატჩს ჰქონდა.

თუმცა ფილიპ შატრიეს სახელობის ცენტრალურ კორტზე ჯერ იტალიელი იანიკ სინერი და მიმდინარე როლან გაროსის გათამაშების უდავო აღმოჩენა ალექსანდერ ბუბლიკი გავიდნენ. ცხადია, ფავორიტად რეიტინგის პირველი ნომერი სინერი მიიჩნეოდა. ბიჭები ერთმანეთს აქამდე ოთხჯერ შეხვედროდნენ და ბუბლიკს მხოლოდ ერთხელ გაემარჯვა, 2023 წელს ჰალეს ტურნირზე, თუმცა იმ შეხვედრაშიც საქმეში მთავარი როლი ტრავმამ ითამაშა და არა ყაზახის ოსტატობამ. სინერი იძულებული გახდა მატჩი შეეწყვიტა.

ამჯერად კი იტალიელი მეჩოგნისთვის ყველაფერი იდეალურად წარიმართა და დასრულდა. ალექსანდერ ბუბლიკი იმითაც კმაყოფილი უნდა იყოს, რომ პირველად კარიერაში როლან გაროსის 1/4 ფინალში გააღწია. ბუნებრივია, მას სენსაციის მოხდენა და 1/2 ფინალში გასვლაც ეწადა, მაგრამ სინერმა ამის იოტისოდენა შანსიც არ დაუტოვა – 6:1, 7:5, 6:0. აქვე იმასაც დავძენთ, რომ იტალიელს 2023 წლიდან მოყოლებული რეიტინგის ტოპ ოცეულს მიღმა მყოფ ჩოგბურთელებთან გამართული 64 მატჩიდან ყველა მოგებული აქვს. გამონაკლისი არც ეს შეხვედრა გამოდგა. ბუბლიკი ხომ ოდენ 62-ე ჩოგანია. და კიდევ ერთი… იანიკ სინერი გახდა პირველი იტალიელი ჩოგბურთელი, რომელმაც დიდი სლემის ტურნირების ნახევარფინალში გასვლა უკვე ექვსჯერ მოახერხა.

აი, მეორე მეოთხედფინალურ წყვილში კი რაიმეს გადაჭრით თქმა და ფავორიტის დასახელება რთული იყო. ალექსანდერ ზვერევი ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ. პირველს დიდი სლემის ფინალი ორჯერ და მათ შორის პარიზშიც უთამაშია, თუმცა უშედეგოდ, მეორეს ტიტულების ჩამოთვლა კი ნამდვილად შორს წაგვიყვანს. მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ როლან გაროსის სამგზის ტრიუმფატორია, მაგრამ ასაკიც ხომ გასათვალისწინებელია? ნოვაკი უკვე 38 წლის გახლავთ. ზვერევსა და ჯოკოვიჩს შორის აქამდე გამართული 13 დაპირისპირებიდან რვაში გამარჯვება სერბის მხარეს დარჩა და დიდად არც მეცხრე მოგება გასჭირვებია – 4:6, 6:3, 6:2, 6:4. ამ გამარჯვებით ნოვაკ ჯოკოვიჩმა ახალი ისტორია დაწერა. 51-ე ნახევარფინალი დიდი სლემის ტურნირებზე. ATP ტურში მსგავსი რამ არავის არასდროს გაუკეთებია.

რეიტინგის ამჟამინდელი პირველი ნომერი იანიკ სინერი ლეგენდარული ნოვაკ ჯოკოვიჩის პირისპირ. როლან გაროსის ნახევარფინალური დაპირისპირების აფიშა მართლაც რომ თვალისმომჭრელია.

 

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ჩოგბურთი